Loading data...
რუსეთის საგარეო უწყება ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებზე: მოვითხოვთ, სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და მოითხოვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ ირანზე დარტყმებს შეიარაღებული აგრესიის არაპროვოცირებული აქტი უწოდა.

„28 თებერვლის დილით აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები დაიწყეს. ამ დაუფიქრებელ ნაბიჯს წინ უძღოდა სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდისტული მზადების მასშტაბი და ხასიათი, მათ შორის რეგიონში აშშ-ის დიდი სამხედრო ძალის განლაგება, რაც ეჭვს არ ტოვებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი სუვერენული და დამოუკიდებელი, გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

„ასევე, დასაგმობია ის ფაქტიც, რომ თავდასხმები კვლავ ხორციელდება მოლაპარაკებების განახლებული პროცესის საფარქვეშ, რომელიც თითქოსდა მოწოდებულია, უზრუნველყოს ისლამური რესპუბლიკის გარშემო ვითარების გრძელვადიანი ნორმალიზება და რუსული მხარისთვის გადაცემული სიგნალების საპირისპიროდ, რომ ისრაელი ირანელებთან სამხედრო დაპირისპირებით დაინტერესებული არ იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას. რუსეთი, როგორც ადრე, მზადაა, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ინტერესთა ბალანსზე“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.