რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დასავლეთი ირანთან მოლაპარაკებებს ომისთვის მზადების ინსტრუმენტად იყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.
„მთელმა მსოფლიომ უკვე გაიგო, რას ნიშნავს „დასავლური მოლაპარაკებები“: ჯერ პარტნიორებს ადანაშაულებენ, თითქოს მათ მოლაპარაკებების გამართვა და შეთანხმებების შესრულება არ სურთ, შემდეგ კი თავადვე აღიარებენ, რომ ეს ყველაფერი ომისთვის მოსამზადებლად იყო საჭირო“, - აცხადებს მარია ზახაროვა.
ინფორმაციისთვის, მარკო რუბიომ ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი.
„აშშ ყოველთვის ერთგულია დიპლომატიის. მზად ვართ დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის და უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა ის არის, რომ ირანი მოლაპარაკებებს სერიოზულად არ ეკიდება. თუ ისინი მზად იქნებიან, ჩვენც მზად ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა რუბიომ.