რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ლავროვისა და რუბიოს შეხვედრა არ გადადებულა, რადგან თარიღები ჯერ დადგენილი არ არის

რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა და არასწორი იქნება იმის თქმა, რომ შეხვედრა გადაიდო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, გადავდოთ ის, რაზეც შეთანხმება არ მიღწეულა. ჩვენ არ დავადასტურეთ ის, რაც გუშინ ზოგიერთმა დასავლურმა წყარომ დაწერა. ჩვენ არ გვქონდა მკაფიო წარმოდგენა ასეთი კონტაქტის დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. როგორც იდეა, ის, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.
„სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ღონისძიების მნიშვნელობა ასეთი მაღალია, ის მომზადებას მოითხოვს. და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. გუშინ მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი სწორედ ამას მიეძღვნა“, - ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.
ცნობისთვის, CNN-ი წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა, რომელიც ბუდაპეშტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე უნდა გამართულიყო, გადაიდო.