Loading data...
CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში შესაძლოა, არ შედგეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა, რომელიც ბუდაპეშტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ლიდერების შეხვედრაც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ რუბიოსა და ლავროვს შორის შეხვედრა ამ ეტაპზე არ შედგება, რადგან მათ „განსხვავებული მოლოდინები აქვთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებით“.

როგორც ამბობენ, რუბიომ და ლავროვმა ორშაბათს, 20 ოქტომბერს, სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის პოტენციურად დასრულების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. გამოცემის წყაროების ცნობით, ოფიციალურმა პირებმა შემდგომში დაასკვნეს, რომ „რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ის კვლავ უკიდურესად მკაცრია“.

წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუბიო პუტინისა და ტრამპის მომავალ კვირას შეხვედრის რეკომენდაციას გასცემს, თუმცა შესაძლოა, ლავროვს ამ კვირაში კვლავ ესაუბროს.