რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ნატო ღია კონფრონტაციაზე გადავიდა
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კონსტანტინ ვორონცოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა რუსეთთან კონფრონტაციისკენ მიმართული კურსის განხორციელება დაიწყეს, რაც ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.
„ნატოს ქვეყნები რუსეთთან ღია კონფრონტაციის კურსზე გადავიდნენ. ჩვენ ევროპული უსაფრთხოების ეროზიის მოწმე ვართ. ნატო აგრძელებს თავისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ჩვენს საზღვრებზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონში და პოლონეთში ძლიერდება მრავალეროვნული ბატალიონების, ტაქტიკური ჯგუფებისა და ბრიგადის დონის ფორმირებების რაოდენობა და საბრძოლო შესაძლებლობები.
გაიზარდა ნატოს გემების შავ ზღვაში განლაგების ხანგრძლივობა. ბალტიის და შავი ზღვების საზღვაო და საჰაერო საზღვრების გასწვრივ სადაზვერვო საქმიანობა გაძლიერდა“, - განაცხადა ვორონცოვმა.
ვორონცოვის განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი არსებული პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის ყველაფერს აკეთებდა.
„თუმცა, ჩვენი ოპონენტების აგრესიულმა, ანტირუსულმა პოლიტიკამ და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების მიმართ მათმა ზიზღით სავსე დამოკიდებულებამ, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, სიტუაცია დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - აღნიშნა კონსტანტინ ვორონცოვმა.