Loading data...
რუსეთის მხრიდან EU-ს და NATO-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა სავსებით რეალისტური სცენარია - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მხრიდან ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა სავსებით რეალისტური სცენარია. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

„თუ მსოფლიოს ვარშავიდან შევხედავთ, ჩრდილოეთით 200 კილომეტრში რუსული ანკლავი კალინინგრადი მდებარეობს. იქ განთავსებულია 100 ბირთვული ქობინი, რომლებსაც რუსები ინახავენ. ამას გარდა, ახლოს არის ბელარუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირზე თავდასხმა სრულებით მოსალოდნელია“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკი.

მანვე აღნიშნა, რომ რუსები პერიოდულად, არღვევენ პოლონეთის საჰაერო სივრცეს, როდესაც თავიანთ რაკეტებს უკრაინის დასაბომბად უშვებენ.

„პერიოდულად, ისინი შემთხვევით შემოდიან ჩვენს საჰაერო სივრცეში. ეს პოლონეთის დასავლეთ ნაწილშიც კი ხდება. ეს ძალიან ახლო მანძილია და საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს ჰგონია“, - ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.