Loading data...
რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კაია კალასის მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევას ხელს შეუშლის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მონაწილეობა მოსკოვთან მოლაპარაკებებში, შედეგებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ კაია კალასის მონაწილეობა ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლას გამოიწვევს.

„ის ღიად აღიარებს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერი შეთანხმების საბოტაჟს აპირებს. კალასი უკვე დიდი ხანია, ასეთ განცხადებებს აკეთებს და ევროკავშირში ვერავინ ახერხებს მის შეჩერებას, მით უმეტეს, კონტროლს. ვის და როგორ წარმოადგენს ის ევროკავშირის სახელით, როდესაც თავად ევროკავშირშიც არ ესმით, ვის წარმოადგენს მთელი ამ ხნის განმავლობაში?“ “, - განაცხადა ზახაროვამ. 

კალასმა განაცხადა, რომ „მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპა მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგოს ომის დანაშაულებზე, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და დააბრუნოს სამშობლოში უკრაინელი ბავშვები“. 

ინფორმაციისთვის, მანამდე კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლობა თავად შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში ამ ეტაპზე ორ სხვა კანდიდატურას განიხილავენ - ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას.