Loading data...
რუსეთის ხელისუფლება 1-ელი აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს

1-ელი აპრილიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აიკრძალება და ეს აკრძალვა სულ მცირე აგვისტომდე იმოქმედებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს გადაწყვეტილება თათბირზე იყო მიღებული, რომელშიც რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი და რუსეთის ნავთობის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბენზინის ექსპორტზე გაყიდვის აკრძალვამ ფასების სტაბილიზაციას ხელი უნდა შეუწყოს და შიდა ბაზარზე პრიორიტეტული მიწოდება უზრუნველყოს. დიზელის საწვავს და რუსეთის მთავრობას და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებებს ეს არ ეხება.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2025 წლის მარტის დონეს შეესაბამება და ეს შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

მსგავსი ტიპის აკრძალვა რუსეთში პირველად არ დაწესებულა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს წესი რამდენჯერმე იყო შემოღებული. რუსეთის მთავრობის კულუარებში ამბობენ, რომ ირანში ომის გამო ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის ბენზინზე ფასი გაიზარდა და კომპანიებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ ბენზინი რუსეთის ფარგლებს გარეთ მაღალ ფასად გაყიდონ. ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მთავრობის ცნობით, მიღებულია, რათა „საზღვარგარეთ ბენზინის გადინება“ არ მოხდეს.