Loading data...
რუსეთი უკრაინას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის მთავრობამ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის გადამუშავებული ვერსია რადიკალურად განსხვავდება იმ ტექსტს, რომელსაც მოსკოვი ვაშინგტონთან განიხილავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება

„უკრაინულ სოციალურ მედიაში გაჩნდა 20-პუნქტიანი გეგმა. ეს გეგმა, თუ მას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ, რადიკალურად განსხვავებულია 27-პუნქტიანი გეგმისგან, რომლებსაც დეკემბრის დასაწყისიდან ჩვენ ამერიკულ მხარესთან განვიხილავდით“, - განაცხადა რიაბკოვმა.

რიაბკოვის თქმით, უკრაინა და მისი სპონსორები, კერძოდ, ევროკავშირში, ყველაფერს აკეთებენ, რათა შეთანხმება ჩაშალონ.

„პრობლემების სწორი მოგვარების გარეშე, რომლებიც ამ კრიზისს საფუძვლად უდევს, საბოლოო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა მან. რიაბკოვმა დაამატა, რომ ნებისმიერი წინადადებები უნდა დარჩეს იმ ჩარჩოებში, რაც ალასკაზე აგვისტოში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე იყო დაფიქსირებული.

24 დეკემებრს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ომის დასრულების გეგმის ახალი ვერსია წარმოადგინა. 20-პუნქტიანი გეგმა ომის გაჩერებას ფრონტის არსებულ ხაზზე ითვალისწინებს.

ამასთანავე, დოკუმენტში მოსკოვის ორი საკვანძო მოთხოვნა არ არის. რუსეთის ხელისუფლება დონბასიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას და ნატოში უკრაინის შესვლაზე იურიდიულად უარის თქმას მოითხოვდა.