რუსეთი წელს ჯარში 409 ათასი ადამიანის გაწვევას გეგმავს - სირსკი
მიმდინარე წელს რუსეთი ჯარში დამატებით 409 ათასი ადამიანის გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
„2026 წელს რუსეთი დამატებით 409 000 სამხედროს რეკრუტირებას გეგმავს. ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - მოწინააღმდეგე თავის გეგმებზე უარს არ ამბობს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაგრძელებლად ემზადება“, - განაცხადა სირსკიმ.
რამდენიმე დღის წინ Bloomberg წერდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების გამო კრემლი მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ შეტევას ვერ განახორციელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ განაცხადა, რუსეთი იძულებული იქნება მობილიზაციას დაუბრუნდეს, თუ ის პოლიტიკური გზით საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევს.
ომის კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსები კი წერენ, რომ რუსეთში, შესაძლოა, რეზერვისტების გაწვევაც მოხდეს და ამისთვის შესაბამისი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.