რუსეთი თხევად აირს ევროპიდან აზიაში გადაამისამართებს
რუსული კომპანიები „უახლოეს მომავალში“ გათხევადებული ბუნებრივი აირის ნაწილს ევროპიდან „მეგობრულ ქვეყნებში“ გადაამისამართებენ, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ტაილანდი და ფილიპინები. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მისი თქმით, რუსული ბიზნესი ევროპის მხრიდან მორიგ შეზღუდვებს აღარ დაელოდება და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოსკოვთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს გეგმავენ, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
4 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდებას დროზე ადრე შეწყვეტს და სხვა მომხმარებლებზე გადაერთვება. პუტინმა ეს გადაწყვეტილება რუსულ გაზზე ევროკავშირის მოსალოდნელი ემბარგოთი, ასევე საერთაშორისო სიტუაციით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირებით ახსნა.
ევროკავშირის ორი ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთის რუსული გაზის და ნავთობის შეძენას გააგრძელებენ, ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიარტოს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა.