Loading data...
რუსეთი იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს გეგმავს - Reuters

„რუსეთი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს გეგმავს“, – ინფორმაციას Reuters სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, მოსკოვი ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისს ებრძვის.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ივლისის პირველ ნახევარში იაპონიის ჩიბას პორტიდან, სულ მცირე, 200 000 ბარელი თვითმფრინავის საწვავი ჩაიტვირთება და ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი, შუამავალი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით, რუსეთში გაიგზავნება.

მედიის ცნობით, ტვირთი ერთი ტანკერიდან მეორეზე დაიტვირთება და რუსეთში საზღვაო გზით გაიგზავნება.

Reuters წერს, რომ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და საწყობებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსკოვი საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს. წყაროების განცხადებით, რუსი ფერმერები შიშობენ, რომ, შესაძლოა, წელს მოსავლის აღება ვერ შეძლონ.