რუსეთი გეგმავს ტყვიამფრქვევების განთავსებას მარცვლეულის გადამზიდ გემებზე, რომლებიც აზოვის ზღვით გადაადგილდებიან - „ბლუმბერგი“
„რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ტყვიამფრქვევების განთავსებას მარცვლეულის გადამზიდ გემებზე, რომლებსაც ტვირთი აზოვის ზღვით გადააქვს“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება.
მედიასაშუალება აღნიშნავს, „ამ გზით რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინის იერიშებს წინააღმდეგობას გაუწევს“.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო და სატრანსპორტო უწყებები მარცვლეულით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა გემების დაცვის ზომები გააძლიერონ.
სხვა ზომებთან ერთად, განიხილება გემებზე ჯავშნის, ქვიშით სავსე ტომრებისა და დრონსაწინააღმდეგო ე.წ. ბადეების დამონტაჟებაც.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ტყვიამფრქვევი აღჭურვილი იქნება ინფრაწითელი ღამის ხედვის მოწყობილობით.
რუსი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შეიარაღებულნი იქნებიან კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით, თუმცა ქერჩის სრუტის გავლის შემდეგ, მათ მოეთხოვებათ გემების დატოვება და იარაღის თან წაღება.
„აზოვის ზღვის გავლით, ჩვეულებრივ, რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 25% ხორციელდება, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადაზიდვები შეჩერებულია უკრაინის მიერ პორტებზე, გემებსა და სხვა საზღვაო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების გამო“, - წერს მედიასაშუალება.