Loading data...
რუსეთი ევროპაში საბოტაჟის კამპანიას ეწევა - აშშ-ის და ბრიტანეთის დაზვერვა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურმა (MI-6) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით რუსეთი ევროპაში საბოტაჟის კამპანიას ეწევა. ამის შესახებ Skynews იუწყება.

სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებმა რიჩარდ მურმა და უილიამ ბერნსმა განაცხადეს, რომ მსოფლიო წესრიგს „ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება“.

მათ მაგალითად მოიყვანეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის და ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომი, ასევე ჩინეთს „21-ე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური და სადაზვერვო გამოწვევა“ უწოდეს.

მურმა და ბერნსმა ასევე განაცხადეს, რომ აქტიურად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში მასტაბური კონფლიქტის დაუშვებლობისთვის და ამისთვის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი. ბრიტანეთის და აშშ-ის დაზვერვების ხელმძღვანელებმა ასევე ხაზი გაუსვეს საფრთხეს, რომელიც კვლავ მოდის „ისლამური სახელმწიფოსგან“.

„ჩვენი ქვეყნები თანამედროვე მსოფლიოში საფრთხეებს სხვადასხვა მიმართულებით აწყდებიან. მსოფლიო წესრიგი არის დაბალანსებული სისტემა, რომელმაც შედარებით მშვიდობა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება მოიტანა. მას ახლა საფრთხე ემუქრება, რომელიც ყველაზე სერიოზულია „ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - წერენ მური და ბერნსი გამოცემამ Financial Times. სწორედ ამ პრობლემების დაძლევას ემსახურება განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

„ჩვენს შორის არის ნდობა, გამჭვირვალობა, კონსტრუქციული მიდგომა, მეგობრობა, ეს არის პრინციპები, რომელზეც მომდევნო 100 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები იქნება დაფუძნებული. ჩვენ ერთობლივად უნდა დავიცვათ გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება“, - წერენ ორი ქვეყნის დაზვერვების ხელმძღვანელები.

რაც შეეხება რუსეთს, დაზვერვის უფროსებმა ის ევროპაში საბოტაჟის კამპანიაში დაადანაშაულეს. კონკრეტული მაგალითები ბერნსს და მურს არ მოუყვანიათ, მაგრამ Skynews იუწყება, რომ ბოლო კვირებში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ბალტიის ქვეყნების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რამდენიმე დივერსიას და ცეცხლის მოკიდების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვამ ტერაქტის მცდელობა ჩაშალა, რომელსაც რუსული მხარე გერმანიის იარაღის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ ამზადებდა.

ასევე უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური საზოგადოებას იმ საფრთხის შესახებ აფრთხილებენ, რომელიც რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები შეიცავს.

„კრემლი ცინიკურად იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს სიცრუის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რაც მოკავშირეებს შორის შუღლის გაღვივებას ემსახურება“ - წერენ ბერნსი და მური.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის კომენტირებისას, ბრიტანელმა და ამერიკელმა დაზვერვის უფროსებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია არსებული კურსის შენარჩუნება, რათა პუტინმა უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განადგურება ვერ შეძლოს. მათი თქმით, ამ ომმა აჩვენა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოწინავე ტექნოლოგიებს ბრძოლის ველზე.

„ომი უკრაინაში არის პირველი ომი, სადაც ღია პროგრამული უზრუნველყოფა მოწინავე საბრძოლო ტექნოლოგიებს დაუკავშირდა, გამოყენებულია კომერციული და სამხედრო თანამგზავრების ფოტოები, უპილოტო აპარატები, რთული და მარტივი კიბერ-ომები, სოციალური ქსელები, სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ღია საწყისი კოდი გააჩნია, უპილოტო საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები და საინფორმაციო ოპერაციები. ასევე ადამიანების მიერ უზარმაზარი რაოდენობის სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა ხდება. ანუ საუბარია ადაპტაციის, ექსპერიმენტების და ინოვაციების მნიშვნელობაზე“ - დაწერეს უილიამ ბერსმა და რიჩარდ მურმა.