რუსეთი და უკრაინა უსაფრთხოების კამერებს სადაზვერვო საქმიანობისთვის და ავიაიერიშების კორექტირებისთვის იყენებენ
რუსი ჰაკერები უკრაინის უსაფრთხოების კამერებში შეღწევას ახერხებენ და მათი მეშვეობით სარაკეტო იერიშების კორექტირებას ახორციელებენ და სადაზვერვო ინფორმაციას იღებენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
ნებისმიერი კამერა ქუჩაში, მაღაზიაში ან ეზოში შეიძლება სამხედრო დაზვერვის ინსტრუმენტი გახდეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში უკრაინის სპეცსამსახურებმა უსაფრთხოების 40 ათასი კამერა გამოავლინეს და თავიდან დააპროგრამეს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენდა.
იგივეს აკეთებს უკრაინაც. WSJ-ს ცნობით, უკრაინული ჰაკერული დაჯგუფება, Team OneFist-მა სევასტოპოლში უსაფრთხოების კამერებზე წვდომა მოიპოვა და იქ აქამდე უცნობი რუსული სამხედრო აეროპორტი აღმოაჩინა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ობიექტზე საჰაერო იერიში განახორციელეს და თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დააზიანეს.
უკრაინის გარდა, რუსი ჰაკერები ხშირ შემთხვევაში ევროპაში განთავსებულ კამერებზეც იღებენ წვდომას. მათი მეშვეობით სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე დაკვირვება ხდება, რომელიც უკრაინაში იგზავნება.
The Wall Street Journal-ის ცნობით, მსოფლიოში ამჟამად 1,2 მლრდ კამერაა, რომლებიც ინტერნეტთან არის დაკავშირებული. მათი უმეტესობა ძალიან ცუდად არის დაცული, პაროლები მარტივია, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფა - მოძველებული.