„რუსეთი არაფერშია ვალდებული“ - დიმიტრი პესკოვი ფონ დერ ლაიენის მოწოდებაზე, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ზავს უნდა დათანხმდეს
„რუსეთი არაფერშია ვალდებული“, - ასე გამოეხმაურა კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდებას, რომ რუსეთი ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკულ ზავს უნდა დათანხმდეს.
„რუსეთი არაფერშია ვალდებული. რუსეთმა საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას და, რა თქმა უნდა, ასეთი ულტიმატუმებით ძალიან რთულია [კონფლიქტის] დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის, ან მონაწილის როლის შესრულება“, - განაცხადა კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ეს ადასტურებს მოსკოვის „შეშფოთების საფუძვლიანობას“ იმის თაობაზე, „შეძლებენ, თუ არა ევროპელები კონსტრუქციული პოზიციის დაკავებასა და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას“.
პუტინის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლის მიწვევას ეხმაურებიან, თუმცა, მისი თქმით, „ჯერჯერობით ამას არანაირი სიცხადე არ შემოაქვს“.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის ორ ფორმატს უნდა დათანხმდეს. პირველი გულისხმობს ზამთარში ენერგეტიკაზე თავდასხმების შეწყვეტას, ხოლო მეორემ უნდა უზრუნველყოს შავი ზღვის გავლით სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირება.
ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმებები აჩვენებს, მზად არის, თუ არა კრემლი, მოლაპარაკებების შესახებ საკუთარი განცხადებები რეალური ქმედებებით დაადასტუროს.