Loading data...
„რუსეთი აღარ დაესხმება თავს“ - ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზადაა, მომავალში უკრაინა დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, აიღოს ვალდებულება აშშ-ის მონაწილეობაზე უკრაინის მომავალ თავდაცვაში, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი კიდევ ერთ შეჭრას არ განახორციელებს. ამის შესახებ მან The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ამერიკელ ლიდერს ჰკითხა, მზად არის თუ არა, ომში ჩაერთოს უკრაინის დასაცავად, თუ რუსეთი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს და აგრესიას კვლავ დაიწყებს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხელახლა არ შეიჭრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ დავეთანხმებოდი“, - უპასუხა ტრამპმა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, დასავლელი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისგან, უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების მიღებას მოითხოვს. კიევს სურს, რომ მისმა მოკავშირეებმა აიღონ ვალდებულება, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ახალი შეჭრის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ. NYT-ის შეფასებით, ტრამპის კომენტარები ყველაზე მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ის მზად არის, მხარი დაუჭიროს ასეთ ვალდებულებებს - სულ მცირე, მოკავშირეების მხარდაჭერის ფორმატში.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

„ვფიქრობ, მას შეთანხმების დადება სურს. თუმცა ამაზე ვფიქრობდი - დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას, რომელიც რუსეთის ახალი თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამაში წამყვან როლს არ ითამაშებს.

„მოდით, ასე ვთქვათ: მისი მოკავშირეები, მთელი ევროპა, სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ერთვებიან - და შეერთებული შტატები“, - აღნიშნა მან.