Loading data...
რუს პარლამენტარებს ქვეყნიდან გასასვლელად წინასწარი თანხმობა დასჭირდებათ - კანონი

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრებსა და სენატორებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად წინასწარი თანხმობა დასჭირდებათ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კანონდამრღვევ პირს შესაძლოა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს. ამასთან, როგორც კანონში ჩაიწერა, შესაძლებელი იქნება, დეპუტატებსა და სენატორებს აეკრძალოთ იმ ქვეყნებში გამგზავრება, სადაც მათი დაკავების, ანაც, სანქციების აღსრულების საფრთხე არსებობს.

როგორც რუსული მედია წერს, დოკუმენტი პალატას სენატორებისა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფმა ივნისში წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით, „რუსეთის ფედერაციის სენატორის სტატუსისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სტატუსის შესახებ“ კანონს დაემატება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დუმის სენატორები და დეპუტატები ვალდებული გახდებიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება წინასწარ შეათანხმონ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მივლინებას ეხება. 

„ასეთი შეთანხმების წესსა და ვადებს პარლამენტის პალატების საბჭოები განსაზღვრავენ. რუსეთის ფედერაციის შეთანხმების გარეშე დატოვების შემთხვევაში, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს.

ახალი ნორმის მიხედვით, შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო დუმის დეპუტატებსა თუ სენატორებს, ჯერ კიდევ ქვეყნიდან გასვლამდე ხელი შეეშალოთ იმ ქვეყნებში გამგზავრებაზე, სადაც მათი დაკავების ან არამეგობრული ქვეყნების ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ სხვა სანქციების განხორციელების საფრთხე არსებობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, მსგავსი ცვლილების შეტანა გამოიწვია უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის ახალი საფრთხეების გაჩენამ, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციების ზეწოლამ და „არამეგობრული სახელმწიფოების საგარეო დაზვერვის სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის მნიშვნელოვანმა ზრდამ“.