Loading data...
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში ევროპაში მშვიდობას უშლის ხელს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ რუსეთის მზარდი აგრესია, რაც ამ კვირაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრითაც გამოვლინდა, ევროპაში მშვიდობას შორეულ პერსპექტივად აქცევს. მის სიტყვებს Bloomberg ციტირებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის დრონებით პოლონეთში შეჭრა და კრემლის მიერ ნატოს წევრ ქვეყნებში „წითელი ხაზების გამოცდის“ განმეორებითი მცდელობები მოსკოვის მიერ მშვიდობისკენ გამოცხადებულ სურვილსა და მის ქმედებებს შორის შეუსაბამობას ავლენს.

მისი თქმით, ეს რუმინეთს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდისკენ უბიძგებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ „თავდაცვა უნდა მოამზადოს, ასევე, უკრაინის არმიისა და უკრაინელი ხალხის მუდმივი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ეს საჭირო იქნება“.

ცოიმ განაცხადა, რომ ბუქარესტის მთავრობა თითქმის 17 მილიარდ ევროს გამოიყენებს თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელიც, ასევე, შეიძლება უკრაინის მომავალი რეკონსტრუქციისთვის ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდეს.