Loading data...
რუმინეთის პრეზიდენტი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევების შესაძლებლობას განიხილავს, თუ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები გაგრძელდება

რუმინეთი განიხილავს სერიოზული დიპლომატიური ზომები მიღებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაზე თავდასხმების დროს მის საჰაერო სივრცეში რუსული მოიერიშე დრონების შეფრენის სერიოზული ინციდენტები განმეორდება. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა რუმინეთი სხვა ზომების მიღებას რუსული დრონის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის საპასუხოდ, მას შემდეგ, რაც კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დაიხურა და რუსი კონსული გააძევეს.

ნიკუსორ დანმა აღნიშნა, რომ რუმინეთი რუსული მხარისგან მეტ სიფრთხილეს ელის, რათა დრონებმა, რომლებიც უკრაინას უტევენ, რუმინეთის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას.

„იმედი მაქვს, რომ ისინი შეჩერდებიან. თუ ასე არ მოხდება, არსებობს სხვა ზომებიც, რომელთა მიღებაც შესაძლებელია. მაგალითად, ელჩის გაძევება. არსებობს დიპლომატიური ზომების გარკვეული იერარქია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ნიკუსორ დანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბუქარესტს ეჭვი არ ეპარება, რომ დრონი, რომელმაც რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რუსული Geran-2-ის ტიპისაა, რადგან რუმინელ სპეციალისტებს უკვე ჰქონდათ რუმინეთის ტერიტორიაზე ადრე ჩამოვარდნილი სხვა დრონის დაუზიანებელი ნიმუში და შეძლეს აღმოჩენილი ნამსხვრევების მასთან შედარება.

ცნობისთვის, 29 მაისის ღამეს, სამხრეთ უკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების დროს, დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში 10-სართულიანი შენობის სახურავს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ერთ-ერთი ბინა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ რუსულ დრონს მინიმუმ 30 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა.