რუბიოს განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ბრიტანული და ფრანგული ჯარები განლაგდებიან
აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიები განიხილება, რაც უკრაინაში ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგებას ითვალისწინებს. ეს ასევე მოიცავს შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატში განაცხადა, იუწყება The Guardian-ი.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს მცირე რაოდენობის ევროპული ჯარების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ძალების, განლაგებას, ასევე შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამავდროულად, რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სინამდვილეში უსაფრთხოების გარანტია „სწორედ შეერთებული შტატების მხარდაჭერაა“.
„მე არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, ომის შემდგომ უკრაინაში ჯარები განალაგოს. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა საჭიროა იმიტომ, რომ მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში თავდაცვაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს.
ცნობისთვის, რუბიომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელიც 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, ორმხრივ ფორმატში შედგება.