Loading data...
რუბიოს განცხადებით, ამ კვირაში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის გარეშე, ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებენ. შეხვედრა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

„მოლაპარაკებები ამ კვირაში ორმხრივად გაგრძელდება — შესაძლოა, აშშ იმყოფებოდეს, მაგრამ სტივი და ჯარედი არ იქნებიან. ჩვენ ვცდილობთ წინსვლას“, - აღნიშნა მან.

რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ის უიტკოფთან და კუშნერთან „დღეში დაახლოებით 10-ჯერ“ ინარჩუნებს კონტაქტს.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება. შეხვედრა აბუ-დაბიშია დაგეგმილი.