Loading data...
რუბიომ ვენესუელასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის სამფაზიანი გეგმა წარადგინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვენესუელას დროებით მთავრობასთან „მეტი შეთანხმება იქნება მიღწეული“ და რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელისთვის სამ ფაზას გეგმავს: სტაბილიზაციას, აღდგენასა და გარდამავალ პერიოდს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები სტაბილიზაციის პროცესით იწყებს, რადგან „არ სურს, რომ სიტუაცია ქაოსში გადაიზარდოს“.

მან ნავთობის გარიგება სტაბილიზაციის ფაზის ნაწილად შეაფასა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს ვენესუელური ნავთობის მილიონობით ბარელის გაყიდვას და აშშ-ის მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიღებას, რომლებიც „განაწილდება ვენესუელელი ხალხის სასარგებლოდ“.

„ჩვენ უკვე ვხედავთ პროგრესს გამოცხადებულ ახალ გარიგებასთან დაკავშირებით და კიდევ იქნება შეთანხმებები“, - თქვა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

რუბიოს თქმით, „აღდგენის“ ფაზა „გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ამერიკულ, დასავლურ და სხვა კომპანიებს ვენესუელის ბაზარზე სამართლიანი წვდომა ჰქონდეთ“.

ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაციას სურს „ვენესუელაში ეროვნული შერიგების პროცესის დაწყება, რათა ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ ამნისტია, გათავისუფლდნენ ციხეებიდან, ან დაბრუნდნენ ქვეყანაში და დაიწყონ სამოქალაქო საზოგადოების აღდგენა“.

მესამე ფაზა იქნება „გარდამავალი ფაზა“. „საბოლოო ჯამში, ვენესუელელ ხალხზე იქნება დამოკიდებული საკუთარი ქვეყნის ტრანსფორმაცია“, - აღნიშნა რუბიომ.

„ამ ნაბიჯებიდან ზოგიერთი ერთმანეთს გადაფარავს. მე ეს (სენატორებს) ძალიან დეტალურად ავუხსენი. მომდევნო დღეებში მეტი დეტალი გვექნება, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ძალიან პოზიტიური გზით მივდივართ წინ“, - დაასკვნა რუბიომ.