რუბიო: უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შეჩერებულია, მოლაპარაკებები ამ დრომდე შედეგიანი არ ყოფილა
უკრაინა და რუსეთი აღარ აწარმოებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების შუამავლობით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„ჩვენ ჩავერიეთ, რადგან ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვისთანაც რუსებსაც და უკრაინელებსაც შეეძლოთ კომუნიკაცია. სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება, ინფორმაციების გაჟონვის მიუხედავად, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, ისტორიების მიუხედავად, თითქოს უკრაინელებს ამა თუ იმ პოზიციის დაკავებისკენ მოვუწოდებდით, რაც სიმართლე არაა. თუ დავინახავთ, რომ არის პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაძლებლობა, რომლებსაც შედეგის მოტანის შანსი გააჩნიათ, მზად ვართ ეს როლი შევასრულოთ“, - აცხადებს რუბიო.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს შეიცვლება.
„ამ ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით შეიძლება. ის არ დასრულდება ერთი თუ მეორე მხარის სამხედრო გამარჯვებით, როგორც მინიმუმ სამხედრო გამარჯვებების ტრადიციული განმარტებით“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.