Loading data...
რუბიო: შესაძლოა, ტრამპი მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა სამშვიდობო ინიციატივები განიხილონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი კვლავ იმედოვნებს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლის როლს შეასრულებს.

რუბიოს თქმით, ტრამპს „რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან, რამდენიმე შეხვედრა ზელენსკისთან, მათ შორის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ-იორკში“, სადაც ლიდერები გაეროს გენერალური ასამბლეისთვის შეიკრიბებიან.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია 22-დან 26 სექტემბრამდე გაიმართება.

„ის გააგრძელებს მცდელობას. თუ მშვიდობა შესაძლებელია, მას მისი მიღწევა სურს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტში „პრეზიდენტი შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ეს შეუძლებელია. ის ჯერ არ მისულა ამ ეტაპამდე, მაგრამ შეიძლება მივიდეს კიდეც“.

რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი ერთადერთია, ვისაც შეუძლია, ამ კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს, რადგან მას შეუძლია არა მხოლოდ ზელენსკისთან, არამედ პუტინთან და ევროპელებთანაც ისაუბროს.

„თუ ის როგორმე ამას შეწყვეტს, ან რუსეთს სანქციებს დაუწესებს და იტყვის: „საკმარისია“, მაშინ მსოფლიოში აღარავინ დარჩება, ვისაც ამაში შუამავლობა შეუძლია“, - განაცხადა რუბიომ.