Loading data...
რუბიო: ქნესეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიის საკითხის წინ წამოწევა საფრთხეს უქმნის ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზას სექტორში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქნესეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერდით. ვფიქრობთ, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს უქმნის. ვფიქრობთ, შეიძლება ეს კონტრპროდუქტიული იყოს“,- აღნიშნა რუბიომ.

მარკო რუბიომ ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება.

„ბევრი სამუშაო უნდა ჩატარდეს. პირველი რამდენიმე კვირა იქნება გადამწყვეტი, შემდეგ კი დაიწყება მუდმივი პროცესის ჩამოყალიბება“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.