რუბიო გრენლანდიის საკითხის განსახილველად მომავალ კვირას დანიის ოფიციალურ პირებს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომავალ კვირას დანიის ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მათთან გრენლანდიის საკითხი განიხილოს.
რუბიომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გრენლანდიის და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის მთავარ დიპლომატთან შეხვედრა მოითხოვეს.
რუბიომ გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუკი ტრამპი ჩათვლის, რომ ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭიროა.
„ყველა პრეზიდენტს ყოველთვის აქვს არჩევანი, მე არ ვსაუბრობ გრენლანდიაზე, უბრალოდ გლობალურად ვსაუბრობ, თუ პრეზიდენტი გამოავლენს საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ყველა პრეზიდენტს აქვს არჩევანი, გაუმკლავდეს მას სამხედრო საშუალებებით“, - აღნიშნა რუბიომ.
თუმცა, მისი თქმით, ტრამპის განზრახვა ყოველთვის გრენლანდიის ყიდვა იყო და აღნიშნა, რომ მან ეს მიზანი პირველი ვადის დროს ნათლად ჩამოაყალიბა.
„ეს სიახლე არ არის; მან ამაზე პირველი ვადის დროს ისაუბრა და ის არ არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გამოიკვლია, ან განიხილა, თუ როგორ შეიძლება გრენლანდიის შეძენა“, - განაცხადა რუბიომ და დასძინა, რომ ეს იდეა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმაც განიხილა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, დიპლომატები ყოველთვის „სხვა გზებით წყვეტენ სიტუაციას“. ამ კონტექსტში მან ახსენა ვენესუელა და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ შემთხვევაში პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სცადა.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც არ მოიცავდა ნარკორეალიზატორის დაკავებას. სამწუხაროდ, ეს უშედეგოდ დასრულდა“, - განაცხადა რუბიომ ვენესუელაზე საუბრისას.