Loading data...
რუბიო აცხადებს, რომ ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და შორი მოქმედების რაკეტების შემუშავება, ასევე, სამხედრო ობიექტების ინსპექტირება უნდა დაუშვას. ამის შესახებ, Reuters იუწყება. 

ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმ ფონზე გააკეთა, რაც ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამაზე, 3 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდო. 

„მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა, „ჰუსიტების“ დახმარება [იემენში], შორი რადიუსის რაკეტების შემუშავება, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარების გარდა, სხვა დანიშნულება არ აქვთ და შეწყვიტონ ურანის გამდიდრება“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიო მიიჩნევს, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის იმპორტი უნდა განახორციელოს თავისი ბირთვული ენერგიის პროგრამისთვის და არა თავად გაამდიდროს ის, ნებისმიერ დონემდე.

„თუ თქვენ გაქვთ 3.67%-მდე გამდიდრების შესაძლებლობა, მაშინ მხოლოდ რამდენიმე კვირა დაგჭირდებათ 20%-მდე, შემდეგ 60%-მდე და შემდეგ იარაღისთვის საჭირო 80-90%-მდე მისაღწევად“, - აღნიშნა მან.

რუბიომ ასევე დასძინა, რომ ირანი უნდა დაეთანხმოს აშშ-ის მონაწილეობას ინსპექტირების რეჟიმში და ინსპექტორებს მისცეს წვდომა ყველა ობიექტზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანმა მოლაპარაკებების დროს უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნისა და ურანის გამდიდრების განზრახვებზე.

თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ არასოდეს დათანხმდება ურანის გამდიდრებისთვის ცენტრიფუგების დემონტაჟს, გამდიდრების მთლიანად შეწყვეტას, ან გამდიდრებული ურანის მარაგის შემცირებას 2015 წლის შეთანხმებით დადგენილ დონეზე ქვემოთ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები, რომლებიც 2015 წლის „ბირთვული შეთანხმების“ მხარეები არიან, შეთანხმდნენ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე ირანთან შეხვედრა გამართონ