Loading data...
„როდის ჩაითვლება თავდასხმები წარმატებულად?“ - ნიდერლანდების პრემიერი ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო კამპანიის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება და აღიარა, რომ თეირანი რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, ნიდერლანდების მთავრობას ესმის ირანზე განხორციელებული დარტყმების, რადგან ეს ქვეყანა საკუთარი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის, დიდი ხანია, საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო სამართლის დაცვა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიება, „რაც არ უნდა რთული იყოს“.

„გასულ კვირას ირანზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე მიუღებელი საპასუხო ქმედება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს სცდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სა და ისრაელის სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზანი.

„მთავარი კითხვა კვლავ რჩება: როდის ჩაითვლება თავდასხმები წარმატებულად?“ - დასძინა მან.