რობერტ ფიცო: უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს
ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება, შესაძლოა, ბოლო დაზიანებების შემდეგ უკვე შეკეთებულია, თუმცა უკრაინა, შეიძლება, განზრახ აჭიანურებს მიწოდების აღდგენას, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და აიძულოს ბრატისლავა, მოხსნას წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
ამავდროულად, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, მიწოდების განახლება გადადოს, რათა უნგრეთი აიძულოს, ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია შეცვალოს.
„დღეს ნავთობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ შანტაჟად აღვიქვამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის შეურიგებელი პოზიციის გამო“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბრატისლავას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები უკრაინის წინააღმდეგ, რაც ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტას გულისხმობს. თუმცა, ფიცოს თქმით, ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან ისინი უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობენ.
„იქ ბავშვებს, ქალებს და ოჯახებს ვხედავ, რომლებსაც რთული ზამთრის გადატანა უწევთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც ზელენსკიმ ჩვენთან მიმართებით გააკეთა, რომ წელიწადში 500 მილიონი ევრო წაგვართვა, ჩვენ უკრაინას ელექტროენერგიას მივაწვდით“, - განაცხადა ფიცომ.