რობერტ ფიცო სლოვაკეთის მიმართ ზელენსკის ქმედებებს მტრულს უწოდებს
„სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს მტრულად მივიჩნევ“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
მისივე თქმით, სლოვაკეთი ბუნებრივი რესურსების დეფიციტს განიცდის და ვითარების კრიტიკულობიდან გამომდინარე, სლოვაკეთის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც კი მოუწია.
„ქმედებები მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ზიანს გვაყენებს და პრობლემებს გვიქმნის, განსაკუთრებით კომპანია „სლოვნაფტისთვის“, მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან ნავთობის ალტერნატიული მარაგების მოპოვების კუთხით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ნავთობის გამო მთავრობის დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოგვიწია და მას უკვე სახელმწიფო მატერიალური რეზერვებიდან ვიღებთ. თუ უკრაინული მხარე ყოველდღე სხვადასხვა თარიღს გვეუბნება – 23-ში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ნავთობი 25-ში ჩამოვიდოდა, 25-ში გვითხრეს, რომ 26-ში, უახლესი არის ის, რომ თებერვალში ნავთობი არ ჩამოვა. და თუ საერთოდ ჩამოვა, პირველი განსახილველი თარიღი დაახლოებით 3 მარტია. უკრაინის პრეზიდენტი ალბათ უბრალოდ მიიჩნევს, რომ შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ ძალიან, ძალიან ცდება“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობი მიეწოდება, რუსეთის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა. მისივე თქმით, უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რათა უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას დაუჭიროს მხარი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ამის გამო ბუდაპეშტი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მეოცე პაკეტისა და კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას.