Loading data...
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტრამპი ასაკის მატებასთან ერთად არაპროგნოზირებადი ხდება

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, 10 ამერიკელიდან 6 მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასაკის მატებასთან ერთად არაპროგნოზირებადი ხდება. ასე ფიქრობს გამოკითხულთა შორის „დემოკრატების“ 89%, „რესპუბლიკელებიდან“ 30%, ხოლო დამოუკიდებელი ამომრჩევლებიდან 64%. ინფორმაციას კრიტიკული რუსული მედიასაშუალება The Moscow Times-ი ავრცელებს.  

როგორც მედიასაშუალება წერს, თეთრმა სახლმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. 

გამოკითხულთა დაახლოებით 40% მის საპრეზიდენტო მოღვაწეობას დადებითად აფასებს, რაც თებერვლის დასაწყისთან შედარებით ორი პროცენტული პუნქტით მეტია.

ტრამპის მოწონების რეიტინგი ყველაზე მაღალი - 47%, სწორედ მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში იყო, ხოლო შემდეგ კი ერთი-ორი პროცენტული პუნქტით დაეცა. 

ამერიკელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ძალიან ხანდაზმულია. მოსაზრებას 79% ეთანხმება. 

აშშ-ის სენატში საშუალო ასაკი ამჟამად დაახლოებით 64 წელია, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში - 58.

ტრამპი თეთრ სახლში 2025 წლის იანვარში, 78 წლის ასაკში ხელმეორედ დაბრუნდა და ინაუგურაციის დღეს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.