Loading data...
Reuters: უკრაინის დაჩქარებული პროცედურით მიღებისთვის ევროკავშირში მზად არ არიან

უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მცდელობებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი შიშობენ, რომ უკრაინის სწრაფმა გაწევრიანებამ, შესაძლოა, პრობლემები შექმნას, - აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ „როიტერზე“ დაყრდნობით წერს. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობიანი მოლაპარაკების ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლისთვის გეგმავს. თუმცა, სააგენტო „როიტერის“ მიერ გამოკითხული დიპლომატების თქმით, ევროკავშირის მთავრობები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მიმართ სკეპტიციზმს გამოთქვამენ. 

მედიასაშუალება ესაუბრა რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს.

უმრავლესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში ამ იდეასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების შესახებ ისაუბრა. 

ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე პრემიერმინისტრმა ტარას კაჩკამ აღნიშნა, რომ კიევი მზად არის ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებები განიხილოს. 

როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს წლების განმავლობაში მიმდინარე დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების დაცვა.

გაწევრიანების პროცესის თითოეული ეტაპი მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას.