Loading data...
Reuters: თურქეთი ისრაელთან დაპირისპირებისთვის ათობით გამანადგურებელს ყიდულობს

თურქეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 20 ახალი Eurofighter Typhoon გამანადგურებლის გაყიდვის შესახებ, რომლებსაც ევროპული თავდაცვის კომპანიები აწარმოებენ. იტყობინება Reuters.

მედიის ცნობით, 8 მილიარდი ფუნტის (10.7 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა.

როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთი ცდილობს დაეწიოს თავის რეგიონულ მეტოქეს, ისრაელს, რომელმაც წელს ახლო აღმოსავლეთში არაერთი მაღალეფექტური საჰაერო ოპერაცია ჩაატარა, რითაც თურქეთის ხელმძღვანელობა შეაშინა. ამიტომ, ამ 20 ევროპული თვითმფრინავის გარდა, ანკარამ გამოაცხადა, რომ აპირებს კიდევ 24 მეორადი გამანადგურებლის შეძენას სხვა ქვეყნებიდან - კერძოდ, ომანიდან და კატარიდან.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავის მხრივ, ევროპა ცდილობს თურქეთის კეთილგანწყობის მოპოვებას, რომელსაც ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს (შეერთებული შტატების შემდეგ) და სამხედრო დრონების წამყვანი მწარმოებელია.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ევროპელებს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება სჭირდებათ, გარდა ამისა, თურქეთს პოტენციურად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინაში ომის შემდგომ ვითარების სტაბილიზაციაში.

ბრიტანელების თქმით, ანკარა 20 Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავის პირველ პარტიას 2030 წელს მიიღებს.

სტარმერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მეტი თვითმფრინავის შეძენის შესაძლებლობას ითვალისწინებს.