Reuters: საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ „ჰუსიტების“ მიერ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა, აღმოსავლეთ პროვინციაში კი სამი დრონი ჩამოაგდო
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა, ასევე, სამი დრონი სამეფოს ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთ პროვინციაში. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ჰუსიტებმა“, რომლებიც იემენის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, ბოლო დღეებში საუდის არაბეთის დედაქალაქზე თავდასხმები გააძლიერეს. გასულ კვირას „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერ-რიადის ფინანსურ ცენტრში სახელმწიფო ნავთობკომპანია „საუდი არამკოს“ (Saudi Aramco) ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.
აღმოსავლეთის პროვინცია — საუდის არაბეთის ეკონომიკური ცენტრი — ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ჰუსიტების“ მხრიდან არაერთი თავდასხმის სამიზნე გახდა. აქ თავმოყრილია სამეფოს ნავთობისა და გაზის მარაგების უდიდესი ნაწილი. აქვე მდებარეობს კომპანია „არამკოს“ (Aramco) სათავო ოფისიც, რომელიც ოქტომბერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„ჰუსიტებმა“ გააძლიერეს დარტყმები საუდის არაბეთის აეროპორტებზე, პორტებსა და ნავთობობიექტებზე, საპასუხოდ კი საუდის არაბეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე ავიაიერიშები გაააქტიურა.