Reuters: რუსეთი ოპერაცია „აბლაბუდაზე“ საპასუხოდ, სამთავრობო შენობებზე თავდასხმებს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთს ჯერ არ უპასუხებია ოპერაცია „აბლაბუდისთვის“, რომლის დროსაც საჰაერო ბაზებზე რუსული ბომბდამშენები განადგურდა. „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი მრავალმხრივი თავდასხმისთვის ემზადება, რაც შეიძლება მოიცავდეს რაკეტებითა და დრონებით დარტყმებს.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, პასუხი ასიმეტრიული იქნება. კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დარტყმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში განხორციელდეს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.
როგორც მედია წერს, პარასკევს რუსეთმა კიევის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „უკრაინის ტერორისტულ აქტებზე“ საპასუხო უწოდა. თუმცა, შეერთებული შტატები ამ დაბომბვას მხოლოდ უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის დასაწყისად მიიჩნევს.
დასავლელი დიპლომატები ვარაუდობენ, რომ რუსეთი განახორციელებს დარტყმებს - უკრაინის სამთავრობო შენობებსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ობიექტებზე.
„ეს იქნება უზარმაზარი, სასტიკი და დაუნდობელი თავდასხმა. თუმცა, უკრაინელები მამაცი ხალხია“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი ფიქრობს, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სათავო ოფისს დაარტყას, რომელმაც ოპერაციაში მთავარი როლი შეასრულა.
„ დიდი ალბათობით, ისინი შეეცდებიან დარტყმების განხორციელებას SBU-ს შტაბ-ბინაზე ან რეგიონალური დაზვერვის დეპარტამენტის სხვა შენობებზე... საერთო ჯამში, რუსეთის შესაძლებლობები, მნიშვნელოვნად გაზარდოს დარტყმები იმასთან შედარებით, რასაც ის უკვე აკეთებს - და რასაც ბოლო თვის განმავლობაში ცდილობდა - საკმაოდ შეზღუდულია.“