Reuters: რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ს გადასცემს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მცდელობის მტკიცებულებებს
რუსეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩამოგდებული უკრაინული დრონიდან ამოიღო და გაშიფრა ფაილი, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ სამიზნე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია იყო. მოსკოვი აპირებს, აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ორშაბათს მოსკოვმა კიევი დაადანაშაულა რუსეთის ჩრდილოეთით, ნოვგოროდის ოლქში მდებარე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დარტყმის მცდელობაში 91 შორ მანძილზე მოქმედი მოიერიშე დრონის გამოყენებით.
მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ გადახედავს თავის პოზიციას აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება.
უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა ეჭვქვეშ დააყენეს რუსეთის ვერსია სავარაუდო თავდასხმის მცდელობის შესახებ.
ხუთშაბათს, Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა: „მარშრუტის მონაცემების გაშიფვრამ გამოავლინა, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის საბოლოო სამიზნეს ნოვგოროდის ოლქში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის ობიექტი წარმოადგენდა. აღნიშნული მასალები ამერიკულ მხარეს დადგენილი არხების მეშვეობით გადაეცემა“.
ოთხშაბათს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნების დასკვნით, უკრაინის სამიზნეს დრონებით თავდასხმისას არც პუტინი და არც მისი რომელიმე რეზიდენცია არ წარმოადგენდა.