Loading data...
Le Monde: „მოლოტოვის კოქტეილები“ და ფოიერვერკები - ახალი წლის ღამეს ნიდერლანდების პოლიციისა და საგანგებო სამსახურების წინააღმდეგ „უპრეცედენტო ძალადობა“ განხორციელდა

ნიდერლანდების პოლიციის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ნინე კოიმანმა განაცხადა ახალი წლის ღამეს „პოლიციისა და საგანგებო სამსახურების წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალადობა“ განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ ამსტერდამში მორიგეობის დროს, მას პირადად სამჯერ ესროლეს ფოიერვერკი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები.

შუაღამისას, ხელისუფლებამ მობილურ ტელეფონებზე ქვეყნის მასშტაბით იშვიათი საგანგებო შეტყობინება დაგზავნა, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებდა, არ დაერეკათ საგანგებო სამსახურებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფრთხე სიცოცხლეს ემუქრებოდა.

ინფორმაცია პოლიციასა და მეხანძრეებზე თავდასხმების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.

სამხრეთით მდებარე ქალაქ ბრედაში, მოქალაქეებმა პოლიციას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. ფოიერვერკებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა: 17 წლის მოზარდი და 38 წლის მამაკაცი. კიდევ სამმა პირმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.