Reuters: პუტინის წარმომადგენელი უიტკოფთან და კუშნერთან შესახვედრად მაიამიში გაფრინდა
კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი უკვე გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკრაინის სამშვიდობო გეგმის განსახილველად შეხვდება. შეხვედრა მაიამიში გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დმიტრიევსა და უკრაინელ მომლაპარაკებლებს შორის ნებისმიერი შეხვედრა გამორიცხულია.
„უკრაინულ მხარესთან სამმხრივი კონტაქტები დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა ვიზიტის შესახებ ინფორმირებულმა რუსულმა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, 19 დეკემბერს, უკრაინულმა მხარემ აშშ-ში მოლაპარაკებები გამართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. შეხვედრის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეები შემდეგ ნაბიჯებზე და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.