Reuters: ნატოს გენმდივანი, ტრამპის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უსაფრთხოების ხარჯების გაფართოებას განიხილავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის წევრებს თავდაცვის დაფინანსების ახალი მოდელი შესთავაზა, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დააკმაყოფილონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის თაობაზე. ამის შესახებ, Reuters-ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.
რუტეს წინადადებით, ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 3.5%-მდე უნდა გაზარდონ და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო ხარჯებისთვის გამოყონ, რათა დააკმაყოფილონ ტრამპის მოთხოვნა 5%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, „თავდაცვის ფართო ხარჯების“ კონცეფციაზე შეთანხმება, ჯერ კიდევ, საჭიროა. ოფიციალური პირების თქმით, ეს შეიძლება მოიცავდეს გზებისა და ხიდების განახლებისთვის განკუთვნილ ხარჯებს მძიმე სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების მხარდასაჭერად.
კითხვას, შეუძლია თუ არა ნატოს, დაადასტუროს, რომ რუტემ ასეთი წინადადება წამოაყენა, ნატოს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა პირდაპირ არ უპასუხა. მისი თქმით, რუტემ „არაერთხელ განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდა აუცილებელია შესაძლებლობათა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებზეც მოკავშირეები მალე შეთანხმდებიან და მოკავშირეებს შორის ტვირთის უფრო სამართლიანი განაწილების უზრუნველსაყოფად“.
„ეს, სავარაუდოდ, გულისხმობს არა მხოლოდ თავდაცვაში ინვესტიციების ზრდას, ნატოს მიერ შეთანხმებული განმარტებების შესაბამისად, არამედ დამატებით ინვესტიციებს დაკავშირებულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და მდგრადობა“, - განაცხადა ჰარტმა ელექტრონულ წერილში.
მან ასევე დასძინა, რომ რუტე მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციით მუშაობს, რათა ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მოამზადოს.