Reuters: ნატო პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას თავდასხმად არ განიხილავს

ნატო რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ალიანსზე თავდასხმად არ განიხილავს. ინფორმაციას „როიტერი“ ნატოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პირველადი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ექვსიდან ათამდე რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში განზრახ შეიჭრა.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნატოს თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს პოტენციურად საფრთხის შემცველ ობიექტებზე მოკავშირის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ნატოს „პეტრიოტის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა რადარების მეშვეობით დრონები აღმოაჩინეს, თუმცა მათ წინააღმდეგ არ იმოქმედეს.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ღამით რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.