Reuters-მა შეიტყო, რა წინადადებებს წარუდგენს უკრაინა რუსულ მხარეს 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე

რუსეთთან სტამბოლში 2 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინა რუსულ მხარეს წარუდგენს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გეგმას, რომელიც, ზოგადად, კიევის ადრე გამოცხადებულ პოზიციებს ემთხვევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა სააგენტო Reuters-ისთვის, რომელმაც სამშვიდობო წინადადებების ტექსტი მოიპოვა.
სააგენტო უკრაინული დოკუმენტის ტექსტს სრულად, უცვლელი სახით აქვეყნებს.
„უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ჩარჩო“
I. შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ძირითადი პრინციპები
• სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ცაში, ხმელეთსა და ზღვაში, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებელი ფონი და წინაპირობა.
• ნდობის აღდგენის ზომები - ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება: ყველა დეპორტირებული და უკანონოდ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვის უპირობო დაბრუნება. ყველა პატიმრის გაცვლა („ყველა ყველაზე“ პრინციპი). რუსეთის მიერ ყველა მშვიდობიანი მძევლის გათავისუფლება.
• აგრესიის განმეორების აკრძალვა: მოლაპარაკებების მიზანია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მუდმივი საფუძვლის აღდგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ აგრესია აღარ განმეორდეს.
• უსაფრთხოების გარანტიები და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა: უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო საზოგადოებას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად და უზრუნველყოფენ გარანტიებს შეთანხმებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
• სუვერენიტეტი: უკრაინა არ უნდა აიძულონ, იყოს ნეიტრალური. მას შეუძლია, აირჩიოს, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი და განაგრძოს სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინის ნატოში წევრობა დამოკიდებულია ალიანსის შიგნით მიღწეულ კონსენსუსზე. არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება დაწესდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე, განლაგებაზე, ან სხვა პარამეტრებზე, ასევე, მეგობარი უცხო სახელმწიფოების ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებაზე.
• ტერიტორიული საკითხები: რუსეთის მიერ 2014 წლის თებერვლიდან მოპოვებული ტერიტორიული მიღწევები საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული. მოლაპარაკებების საწყისი წერტილი საკონტაქტო ხაზია. ტერიტორიული საკითხები განიხილება მხოლოდ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
• სანქციები: რუსეთისთვის ზოგიერთი სანქციის მოხსნა შესაძლებელია, მაგრამ ეტაპობრივად და მხოლოდ თანდათანობით, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების განახლების მექანიზმით (უკან დაბრუნებით). გაყინული რუსული სუვერენული აქტივები გამოიყენება რეკონსტრუქციისთვის, ან გაყინული რჩება რეპარაციების გადახდამდე.
• განხორციელება: შეთანხმება გარიგებების განხორციელებისა და აღსრულების მკაფიო, დაბალანსებულ და მიღწევად გეგმაზე.
II. შემდეგი ნაბიჯი - ცეცხლის შეწყვეტისა და ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგის შეთანხმება
• სტამბოლში შეხვედრის შემდეგ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება შემდეგ საკითხებზე:
1. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა: მისი მოდელები და მონიტორინგი;
2. ნდობის აღდგენის ზომები;
3. ძირითად თემებზე ლიდერების მომავალი მოლაპარაკებების დღის წესრიგისა და სტრუქტურის მომზადება, შეთანხმება.
• მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ისა და ევროპის მონაწილეობით.
III. ცეცხლის შეწყვეტა
• სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ცაში, ხმელეთზე და ზღვაში მინიმუმ 30 დღის განმავლობაში (ყოველ 30 დღეში ერთხელ გაგრძელების შესაძლებლობით), როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებელი ფონი და წინაპირობა.
• ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, აშშ-ის ხელმძღვანელობით და მესამე ქვეყნების მხარდაჭერით.
IV. ნდობის აღდგენის ზომები
• სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ სამხედრო ტყვეების წარმატებული გაცვლის შემდგომ მხარეები აგრძელებენ ყველა სამხედრო ტყვის გაცვლის პროცესს („ყველა ყველაზე“ პრინციპი).
• შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მიერ ყველა დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვის უპირობო დაბრუნებისა და რუსეთის მიერ ყველა მშვიდობიანი პატიმრის გათავისუფლების შესახებ. ეს ზომები უნდა მოიცავდეს ჩამოთვლილი პირების ყველა კატეგორიას, 2014 წლის თებერვლიდან დაწყებული.
V. ლიდერების შეხვედრა
• უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ხვდებიან, რათა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ძირითად ასპექტებზე შეთანხმდნენ.
• სამშვიდობო შეთანხმების ძირითადი თემები, რომლებზეც ლიდერები შეთანხმდებიან:
1) საომარი მოქმედებების მუდმივი და სრული შეწყვეტა: პირობები, მონიტორინგი, დარღვევებისთვის სანქციები;
2) უსაფრთხოების გარანტიები და აგრესიის არ განმეორება
3) ტერიტორიული საკითხები
4) ეკონომიკა, კომპენსაცია, რეკონსტრუქცია
5) შეთანხმებების დარღვევისთვის ჯარიმები
6) საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების დადება