Loading data...
Reuters: „ლუკოილმა“ აშშ-ის სანქციების გამო გიგანტურ ნავთობის საბადოზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა

რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ ერაყში მდებარე მის გიგანტურ ნავთობსაბადო „დასავლეთ კურნა-2“-ზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც კომპანიის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მისი ოპერაციები გაართულა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ თვეში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“, რის გამოც ერაყმა კომპანიისთვის ნაღდი ფულის გადახდა შეწყვიტა.

„გასულ სამშაბათს, „ლუკოილმა“ ერაყის ნავთობის სამინისტროს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ფორსმაჟორული გარემოებები შეიქმნა, რამაც შეუძლებელი გახადა „დასავლეთ კურნა-2“-ის საბადოზე ნორმალური ოპერაციების გაგრძელება“, - წერს „როიტერი“.

როგორც ერაყელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ფორსმაჟორის მიზეზები მომდევნო ექვს თვეში თუ არ იქნება აღმოფხვრილი, „ლუკოილი“ შეწყვეტს ნავთობის მოპოვებას და პროექტიდან გავა.

სააგენტო იუწყება, რომ „დასავლეთ კურნა-2“ საბადო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ლუკოილის“ ყველაზე ღირებული უცხოური აქტივია.