Loading data...
Reuters: ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ისლანდია აშშ-ის შემადგენლობაშია გამოსახული

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული, - წერს „როიტერი“.

როგორც მედია იუწყება, ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე აშშ, კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი ამერიკის დროშის ქვეშაა მოქცეული, ხოლო მთელ ტერიტორიას ეწერა „ამერიკის შეერთებული შტატები“.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ გუნარსდოტირმა ისლანდიაში აშშ-ის ელჩი ბილი ლონგი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარა.

„მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს პოსტი სრულიად შეუსაბამო იყო“, - განაცხადეს ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ასევე, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები აშშ-ის შემადგენლობაში და დროშის ფერებშია გამოსახული.