Loading data...
Reuters: აშშ-ს სურს, კრიზისების დროს ნატოს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეამციროს

ვაშინგტონი გეგმავს, მნიშვნელოვნად შეამციროს სამხედრო რესურსების რეზერვი, რომლის გამოყენებაც შეუძლია შეერთებულ შტატებს ნატოს ევროპელი წევრების დასახმარებლად, სერიოზული კრიზისის შემთხვევაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

„ნატოს ძალების მოდელის“ კონცეფციის თანახმად, ალიანსის ქვეყნები განსაზღვრავენ ძალების რეზერვს, რომელიც ხელმისაწვდომია კონფლიქტების, ან სამხედრო თავდასხმების დროს განლაგებისთვის. ამ ძალების ზუსტი შემადგენლობა გასაიდუმლოებულია, თუმცა, წყაროების ცნობით, პენტაგონმა გადაწყვიტა, მნიშვნელოვნად შეამციროს თავისი მონაწილეობა ამ პროცესში.

ამერიკული მხარე გეგმავს, ევროპელ მოკავშირეებს თავისი გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ პარასკევს, 22 მაისს, ბრიუსელში თავდაცვის პოლიტიკის ლიდერების შეხვედრის დროს გამოუცხადოს. ღონისძიებაზე შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, ალექს ველეს-გრინი წარმოადგენს, პენტაგონის პოლიტიკის უფროსის ელბრიჯ კოლბის მთავარი თანაშემწე.

ამ მოდელის კორექტირება აშშ-ის გუნდის მთავარი პრიორიტეტია ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატოს ლიდერების სამიტამდე.

ამავდროულად, გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად როგორ და რა სიჩქარით გეგმავს პენტაგონი კრიზისულ პირობებში თავდაცვის პასუხისმგებლობების ევროპული ქვეყნებისთვის გადაცემას.

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის ევროპის ქვეყნებისგან მოელის, რომ ისინი კონტინენტის უსაფრთხოებაზე ძირითად პასუხისმგებლობას შეერთებული შტატებისგან გადაიბარებენ“, - წერს Reuters-ი.

ამავდროულად, პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელმა ელბრიჯ კოლბიმ საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ ალიანსის წევრების დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უარს არ იტყვის მაშინაც კი, თუ ევროპელი მოკავშირეები ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის საკითხში წამყვან როლს შეასრულებენ.

სააგენტო წერს, რომ ნატო ამჟამად სერიოზული ზეწოლის ქვეშაა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შიშობს, რომ ტრამპის ხელმძღვანელობით ვაშინგტონი შესაძლოა, მთლიანად გავიდეს ორგანიზაციიდან.

„ომის შემთხვევაში აშშ-ის მიერ გამოყოფილ ჯარისკაცთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება მხოლოდ გაამწვავებს ამ შეშფოთებას“, - ნათქვამია სტატიაში.