Loading data...
Reuters: აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს, თუმცა ერთი პირობით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოამზადა დამატებითი სანქციები, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე გავრცელდეს, თუ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს გააგრძელებს, - ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას კიევისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად. ასევე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შიდა მოლაპარაკებები დაიწყეს აშშ-ში არსებული რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, რეალურად გადადგამს თუ არა ვაშინგტონი ამ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში, ეს აჩვენებს, რომ ადმინისტრაციას აქვს კარგად შემუშავებული მექანიზმები რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - წერს გამოცემა. 

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ მას სურს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთის მიმართ შემდეგი დიდი ნაბიჯი გადადგან, რაც შეიძლება დამატებით სანქციებს ან ტარიფებს მოიცავდეს.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით შეჩერდება, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია სანქციების გამოცხადებაზე.

„როიტერის“ წყაროების ცნობით, აშშ-ის მიერ მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი მიმართულია რუსეთის საბანკო სექტორისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც გამოიყენება ბაზარზე ნავთობის მიწოდებისთვის.

„გასულ კვირას უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების წინადადებით მიმართეს. ეს მოიცავდა ზომებს, რომლებიც ყველა რუსული ბანკის დოლარის სისტემიდან გათიშვას ითვალისწინებდა. თუმცა, უცნობია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ვაშინგტონი კიევის ამ მოთხოვნებს“, - აღნიშნავს გამოცემა.