Loading data...
Reuters: აშშ-მა და რუსეთმა ომის დასრულებაზე უკრაინის გარეშე იმსჯელეს, კიევმა მხოლოდ „სიგნალები“ ​​მიიღო

უკრაინამ ბოლო დროს შეერთებული შტატებისგან არაერთი „სიგნალი“ მიიღო ომის დასრულების შეთანხმების წინადადებებთან დაკავშირებით, თუმცა სამშვიდობო გეგმის დეტალების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით სააგენტოს განუცხადა, რომ კიევმა მიიღო „სიგნალები“ ომის დასრულების შესახებ ​აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ვაშინგტონმა რუსეთთან განიხილა.

აღნიშნულია, რომ უკრაინას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ წინადადებების მომზადებაში, რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე განიხილეს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის წყაროებმა Politico-ს განუცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ჩარჩო ხელშეკრულებაზე შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეთანხმდნენ. 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდმა მოსკოვთან მოლაპარაკებები ევროკავშირისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე გამართა. თეთრი სახლი გეგმავს, ამ მოლაპარაკებების შედეგები კიევს საბოლოო და მიღებულ გადაწყვეტილებად წარუდგინოს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლო კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი 28-პუნქტიანი გეგმის შესამუშავებლად. Axios-ის ცნობით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ წყვეტს გეგმა ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა ტერიტორია.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, გეგმის შემუშავებას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს. მან ეს საკითხი უკვე განიხილა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა ახალი გეგმის შესახებ არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირებაც დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ არსებობს უკრაინისა და ევროპელების გულის მოგების რეალური შანსი და რომ გეგმა სხვადასხვა მხარის წინადადებების საფუძველზე ადაპტირდება.