Loading data...
Reuters: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს - უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს ტრამპი

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადეს, მათ შორის, საბანკო და ენერგეტიკასთან დაკავშირებული ზომები, რათა უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვზე წნეხი გაიზარდოს, -  ამის შესახებ „როიტერსი“ სამ ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები, მათ შორის „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, წარმოადგენს.

„ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. ამას ხელი ტრამპმა უნდა მოაწეროს. ეს სრულიად მისი გადასაწყვეტია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნული სანქციების დამტკიცებას.