Loading data...
Reuters: 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა რუსეთისგან მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა

„აშშ-ის მიერ წარმოდგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად, რუსეთიდან მიღებულ მემორანდუმს ეფუძნება“, - ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ კონფიდენციალურად განუცხადა. 

დოკუმენტი, რომელსაც ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა, შეიცავდა პუნქტებს, რომლებიც მანამდე კრემლმა მოლაპარაკების მაგიდასთან წამოაყენა. 

„როიტერის“ ცნობით, ეს მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს. 

რუსულ ენაზე დაწერილი დოკუმენტი შემდეგ კი 28 პუნქტიანი გეგმის საფუძველს წარმოადგენდა, რომელიც მედიასაშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერს და რუს მომლაპარაკებელ კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრის დროს შემუშავდა.

ინფორმაციისთვის, 25 ნოემბერს მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა. 

„უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე ახლოს ვართ“, - აღნიშნა ტრამპმა.