Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი კვლავ მზადაა, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს საპარლამენტო სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამშვიდობო ძალისხმევა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს და კონფლიქტი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

„მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ უახლოეს მომავალში უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა კვლავ მზადაა, გააგრძელოს სამშვიდობო ძალისხმევაში წვლილის შეტანა.

„როგორც მოკავშირე, რომელსაც შეუძლია, მოლაპარაკება აწარმოოს ორივე მხარესთან, იწყებს პროცესებს, რომლებიც შედეგებს მოიტანს და მოიპოვა ორივე მხარის ნდობა თავისი სამართლიანი პოზიციით, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიური წვლილის შეტანას მშვიდობის მიღწევის ძალისხმევაში“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მან დასძინა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიულ გარდამტეხ მომენტს განიცდის. მისი აზრით, ომები, ტერორიზმი, კრიზისები და არალეგალური მიგრაცია აიძულებს მოკავშირეებს, გადახედონ უსაფრთხოებისადმი მიდგომებს.

„ჩვენ გაურკვევლობის პერიოდში ვართ, როდესაც დაძაბულობა სტაბილურობას ცვლის და პროგნოზირებადობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ამჟამინდელ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნატოს შემაკავებელი პოტენციალის შენარჩუნება და მოკავშირეებს შორის სოლიდარობის განმტკიცება“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, კვლავ გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა. მისი თქმით, დიპლომატიური პროცესი ამჟამად ჩიხშია შესული, ამიტომ თურქეთი მოუწოდებს მხარეებს, დაუბრუნდნენ დიალოგს და ადასტურებს მზადყოფნას, მიიღოს მათი დელეგაციები.